საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, შუა დერეფანი არის დღეს სწორედ ის ხაზი, დაკავშირებადობის ის ჯაჭვი, რომელიც ევროკავშირისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველო ამ რუკაზე არის, იყო და იქნება.
,,დაკავშირებადობა ევროკავშირისთვის სწორედ უსაფრთხოების კონტექსტში განიხილება, პირველ რიგში. ჩვენ უსაფრთხოებაზე როცა ვსაუბრობთ, არ იგულისხმება, რა თქმა უნდა, სამხედრო თვალსაზრისით უსაფრთხოება, აქ უსაფრთხოებას აქვს ძალიან ფართო მნიშვნელობა. იგულისხმება მათ შორის ენერგეტიკული პროექტები, მიწოდების ჯაჭვების უსაფრთხოება და ასე შემდეგ. შუა დერეფანი არის დღეს სწორედ ის ხაზი, დაკავშირებადობის სწორედ ის ჯაჭვი, რომელიც ევროკავშირისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, საქართველო ამ რუკაზე არის, იყო და იქნება და ურთიერთობები, რომელიც ევროკავშირს აქვს გაწყვეტილი, რა თქმა უნდა, ევროკავშირის პასუხისმგებლობაა, ერთის მხრივ, თუ როგორ წარმართავს ამ ურთიერთობებს ერთ- ერთ საკვანძო ქვეყანასთან შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში”,- აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა შეხვედრებზე უნდა მიიწვიოს საქართველო, ისე როგორც იწვევს სხვა ქვეყნებს.
“ჩვენ ძალიან დიდი ხანი ვაკვირდებოდით, თუ როგორ ხდებოდა, ამ შეკრებების და შეხვედრების ორგანიზება. პირველ ეტაპზე, საერთოდ არ იგზავნებოდა მოსაწვევი. ეს რა თქმა უნდა, გახდა დისკუსიის საგანი ბრიუსელში, თუ რამდენად ჰქონდა აზრი ისეთ შეხვედრებს დაკავშირებადობაზე, როდესაც ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა - საქართველო საერთოდ არ არის მოწვეული. იყო რიგი წევრი ქვეყნების მხრიდან პოლიტიკოსების მხრიდან, ევროპარლამენტის გარკვეული წარმომადგენლების მხრიდანაც შეკითხვები ევროკომისიაზე კონკრეტულად საქართველოსთან დაკავშირებით. როდესაც დაკავშირებადობაზე ვსაუბრობთ, თუ რუკას შევხედავთ, მარტივია, რომელი ქვეყანა არის საკვანძო სწორედ ამ თვალსაზრისით და გაჩნდა გარკვეული უხერხულობა ამ საკითხთან დაკავშირებით და ერთგვარი სახის შენარჩუნების გზა იყო ის, რომ უკვე დაბალ დონეზე იყოს მოსაწვევი გამოგზავნილი,"-აცხადებს ბოჭორიშვილი